top of page

კლიმატის კრიზისი მითი თუ რეალობა?

  გურია 2023 წლის 8 სექტემბერი, შოვი 2023 წლის 3 აგვისტო, თბილისი 2015 წლის 13 ივნისი, ეს იმ კატასტროფების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ადამიანები ემსხვერპლნენ, სახელმწიფოს კი პრევენციისთვის არცერთხელ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები. მითუმეტეს მაშინ, როდესაც მმართველი პარტიის მიერ წინასაარჩენოდ შევსებულ კითხვარში ვკითულობთ, “ყველა სტიქიურად აქტიურ ხეობაში დამონტაჟდება ადრეული გაფრთხილების სისტემა.” ამ ტრაგედიების ფონზე უფრო და უფრო მეტი ადამიანის ყურადღების ქვეშ მოექცა კლიმატის კრიზისი, რაზეც დეზინფორმაციებისა და კონსპირაციის თეორიების კამპანიამაც არ დააყოვნა. ამის ნათელი მაგალითია შოვის ტრაგედიის შემდეგ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია.  მსგავსი მიზანმიმართული კამპანიები საზოგადოების აზრს ორად ჰყოფს, ერთი კლიმატის კრიზისს რეალურ პრობლემად მიიჩნევს და თვლის, რომ სახელმწიფო ვალდებულია ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით, ხოლო მეორე მხარე ან ამ ყველაფერში რეალურ პრობლემას ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ კლიმატის კრიზისს მხოლოდ და მხოლოდ ვირტუალური ტიპის ზიანის მოყენება შეუძლია და ეკოლოგიური რეგულაციები სახელმწიფოს აზიანებს ან კლიმატის კრიზისს, როგორც კონსპირაციულ თეორიას ისე აღიქვამს.

ორად გაყოფილი საზოგადოება

vs

They are not the same

1. კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა ერთსა და იმავეს აღნიშნავს

  საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა ერთი და იგივე ცნების აღმნიშვნელია, ასევე არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც, წინასწარმეტყველებები გლობალური დათბობის შესახებ მცდარი აღმოჩნდა, შესაბამისად მეცნიერებმა ამისთვის გლობალური დათბობა ჩაანაცვლეს კლიმატის ცვლილებით. 

 

  რეალურად კი, ორივე დებულება შეთქმულების თეორიას წარმოადგენს, სინამდვილეში კი, სამეცნიერო ლიტერატურაში ორივე ტერმინი უკვე დიდი ხანია გამოიყენება და მათ სხვადასხვა მნიშვნელობა აქვთ. 

  გლობალური დათბობა არის დედამიწის ზედაპირის, ატმოსფეროსა და ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის თანდათანობითი ზრდის პროცესი. ის წარმოადგენს დედამიწის კლიმატური სისტემის საშუალო ტემპერატურის გრძელვადიან მატებას, რომელიც გამოხატულია ტემპერატურის პირდაპირი გაზომვითა და დათბობის სხვადასხვა ეფექტების მაჩვენებლით. 

 

 კლიმატის ცვლილება არის დედამიწის კლიმატური რხევა, რომელიც ვლინდებოდა ან ვლინდება დედამიწის ზედაპირის სხვადასხვა რეგიონსა თუ 

რაიონში. ის ასევე არის ხანგრძლივი პერიოდის იდენტიფიცირებადი ცვლილება, მათ შორის, სტატისტიკური ნიშნულების ცვალებადობა. კლიმატის ცვლილება შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ბუნებრივი შიდა პროცესების, ასევე გარე ზემოქმედებების შედეგად, მაგ. ვულკანური ამოფრქვევებით, მზის ციკლის სიძლიერის მოდულაციებით, ატმოსფეროს შემადგენლობისა თუ მიწათსარგებლობის ხანგრძლივი ანთროპოგენური (ანუ ადამიანის მოქმედების შედეგად შექმნილი - ადამიანის ეკონომიკური საქმიანობა და რესურსების ინტენსიურად მოხმარება) ზემოქმედებითა და ცვლილებით. დღეს აქტუალურ ტერმინში "კლიმატის ცვლილება" სწორედ ანთროპოგენური კლიმატის ცვლილება იგულისხმება. 

 

  შესაბამისად, როგორც განმარტებებიდან ვგებულობთ გლობალური დათბობა კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ასპექტია, რომლის დეფინიცია გაცილებით ფართოა და მასში მოიაზრება  ქარები, მუსონები, ქარიშხლები, ატმოსფეროს ტენიანობისა და ნალექების ცვლილება, ოკეანის ზედაპირული და სიღრმისეული ცირკულაციის ცვლილება, ოკეანის მარილიანობის შემცირება და მჟავიანობის ზრდა, მყინვარების დნობა და სხვა. 

 

  მართალია კლიმატის ცვლილებაში დიდი როლი სწორედ გლობალურ დათბობას მიუძღვის, მაგრამ როგორც ვნახეთ ეს ორი ცნება ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება და არანაირი საფუძველი არ არსებობს იმაზე ფიქრის, რომ ერთი ანაცვლებს მეორეს.

Changing minds, not the climate

2. კლიმატი  ყოველთვის იცვლებოდა და ამასთან ადამიანების საქმიანობა კავშირში საერთოდ არაა

  კლიმატის კრიზისის სკეპტიკოსები ხშირად ამტკიცებენ, რომ კლიმატის ცვლილება მუდმივი და დედამიწისთვის ნაცნობი პროცესია. ჩვენს პლანეტას გადატანილი აქვს როგორც გლობალური დათბობა, ისე დიდი გამყინვარება. შესაბამისად აღნიშნულ პროცესთან, რომელიც უკვე დაძრულია ადამიანს არავითარი კავშირი არ აქვს. 

 

  დედამიწას 4.5 მილიარდი წლის ისტორია აქვს, ამ წლების მანძილზე კლიმატი ნამდვილად იცვლებოდა და ამას არავინ უარყოფს, მაგრამ ის დაჩქარებული დათბობა, რომელსაც დღეს ვხედავთ არ შეიძლება აიხსნას დათბობისა და გამყინვარების ბუნებრივი ციკლებით, რომელიც ცნობილია, როგორც "მილანკოვიჩის ციკლები". ცვლილებები, რომელებიც უნდა ხდებოდეს დაახლოებით 100 000 წელიწადში ერთხელ, დღევანდელი მდგომარეობით ათწლეულების განმავლობაში ხდება. მილანკოვიჩის თეორიის მიხედვით კი კლიმატის რადიკალური ცვლილება დღევანდელი დღიდან 16 000-20 000 წელში უნდა დადგეს. 

 

  გლობალური დათბობა დღეს ყველაზე მაღალ დონეზეა ასული, ყველაზე ცხელი 22 წელიწადიდან 21 სწორედ 2001 წლის შემდეგაა დაფიქსირებული. 

 

  იქამდე სანამ დედამიწაზე, ადამიანები გამოჩნდებოდნენ, არსებობდა შემთხვევები, როდესაც დაჩქარებული დათბობა დაიწყო, რომელიც არა “მილანკოვიჩის ციკლით”, არამედ უმეტესად მაინც სასათბურე აირებით იყო განპირობებული.  

 

  თუ დედამიწის ნაადრევი დათბობა მაინც ხდებოდა ადამიანების გამოჩენამდე, მაშინ რატომ ამტკიცებენ მეცნიერები, რომ დღევანდელი დათბობა და კლიმატის ცვლილება სწორედ ადამიანების გამოწვეულია. პირველი კითხვა, რომელიც ამ მსჯელობიდან შეიძლება გაჩნდეს არის ის თუ საიდან ჩნდებოდა ნახშირორჟანგის ამ დონის ემისიები თუ ადამიანებს, ჯერ დაწყებული არ ჰქონდათ ინდუსტრიული წარმოება. ამ კითხვაზე მეცნიერებს მარტივი პასუხი აქვთ, დღევანდელ დედამიწაზე ჩვენ აღარ ვხვდებით სუპერ ვულკანებს, რომლებიც იმ პერიოდში უდიდესი რაოდენობის ემისიებს გამოჰყოფდნენ. 

 

 

Air-pollution-7-1536x1023.jpg

  მზის აქტივობის ბუნებრივმა ცვლილებებმა ან დიდმა ვულკანურმა ამოფრქვევებმა გამოიწვია დედამიწის ტემპერატურისა და ამინდის ცვლილებები უძველეს დროში, მაგრამ ბოლო 200 წლის განმავლობაში, ამ ბუნებრივ მიზეზებს მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია გლობალურ ტემპერატურაზე. დღეს სწორედ ადამიანის საქმიანობა იწვევს კლიმატის ცვლილებას. უპირველეს ყოვლისა კი ამის მიზეზი არის წიაღისეული საწვავის წვა, როგორიცაა ქვანახშირი, ნავთობი და გაზი. ასე, რომ კი კლიმატი ყოველთვის იცვლება, მაგრამ

დღეს ეს ცვლილება ადამიანის გამოწვეულია და პასუხისმგებლობაც სწორედ ადამიანებს გვეკისრება. 

 

  ატმოსფეროში CO2-ის რაოდენობა უპრეცედენტო ტემპით იზრდებოდა ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ, როდესაც ხელით შრომა ჩაანაცვლა ნახშირზე, ნავთობსა და გაზზე მომუშავე მანქანა-დანადგარებმა. დღეს, CO2-ის კონცენტრაცია ატმოსფეროში დაახლოებით 50%-ით მეტია, ვიდრე 1750 წელს, რაც ბევრად აღემატება ბუნებრივ ცვლილებებს ბოლო 800 000 წლის განმავლობაში. 

The Earth is melting

3. ეს გლობალური გამყინვარებაა და არა გლობალური დათბობა

  შესაბამისად, ერთ დღეს არსებული, ამინდი არ უნდა იყოს აღქმული, როგორც მუდმივი რეალობა. ამრიგად რაც, უნდა გვახსოვდეს გლობალური ზედაპირის ტემპერატურის მერყეობის შესახებ, არის ის, რომ მოკლევადიანი აღმავლობისა და დაცემის მიუხედავად, ჩვენი პლანეტა სტაბილურად აგროვებს სითბოს, რაც მტკიცებულებებითაც დგინდება. მეცნიერები, რომლებიც სწავლობენ გლობალურ დათბობას, აფასებენ დედამიწაზე არსებულ მთლიან სითბოს და არა კონკრეტული ადგილის ან დღის ამინდს. ის, კი, რაც მათ დაადგინეს არის, რომ დედამიწის სისტემაში ენერგიის ბალანსი დარღვეულია: ტროპოსფერო თბება, ოკეანე აგროვებს მეტ ენერგიას, მიწის ზედაპირი შთანთქავს ამ ენერგიას და დედამიწაზე არსებული ყინული დნება. 

  სინამდვილეში, რაც უფრო ცხელდება არქტიკა, ის ახდენს პოლარული მორევის დესტაბილიზაციას, რამაც 2021 წლის თებერვალში ტეხასსა და ჩრდილოეთ მექსიკაში "გამყინვარება" მოიტანა. ასე რომ, კლიმატი იცვლება და ცივი დღეები მაინც იქნება, მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა სულ უფრო ცხელდება. 

GettyImages-1302856902_edited.jpg

  ამ მითის მიხედვით, დედამიწა უფრო ცივდება, ვიდრე თბება, ამის კი ზამთარში სიცივეებით ამტკიცებენ. 

პირველ რიგში, მნიშვნელოვანი დავინახოთ განსხვავებაა ამინდსა და კლიმატს შორის. კლიმატი აღნიშნავს მოცემული არეალის ხანგრძლივ, დამახასიათებელ ატმოსფერულ პირობებს, მაგალითად, ტემპერატურასა და ნალექებს. ამინდი იმავე ტიპის პირობებს გულისხმობს, თუმცა უფრო მოკლე პერიოდში. მაგალითად, ახლა ან გუშინ. 

2021 წლის თებერვალში, ზამთრის ქარიშხლების სერიამ ტეხასს 70+ წლის განმავლობაში ყველაზე ცივი ტემპერატურა მოუტანა.

Unveil The Truth 

4. კლიმატის კრიზისი, როგორც COVID-19 -ის გაგრძელებაა 

  მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, სკეპტიკოსები ხშირად ამტკიცებენ, რომ კლიმატის კრიზისი არარეალური პრობლემაა და ის შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც “კლიმატის ლოქდაუნების” მექანიზმი. ის სოციალური ქსელების ანგარიშები, რომლებიც ამ ინფორმაციას ავრცელებენ ყოფილი ე.წ "ანტივაქსერები" არიან. ისინი მთელი  პანდემიის განმავლობაში ავრცელებდნენ დეზინფორმაციებს ვაქცინებსა და კარანტინებზე, თავიანთ მიმდევრებს უზიარებდნენ შეთქმულების თეორიებს. პანდემიის დასრულების შემდეგ, კი მათი კონცენტრაცია გადავიდა კლიმატის კრიზისზე. მაგალითად არაერთი სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომლის გვერდებზეც 

ხშირად იხილავთ ყალბ ინფორმაციას, აზიარებს ერთსა და იგივე ვიდეოს წარწერით: "ჩვენი მცდელობა, ვაქცინაცია ჩაგვეტარებინა მთელს პლანეტაზე წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ "კლიმატის ცვლილება" და მომავალი წყლის კრიზისი არის ის, რაზეც ყველას შეუძლია შეთანხმება."  ნიკოლ შვაბის შესახებაც გავრცელდა მსგავს კონტექსტში გაყალბებული ციტატა, რომლის გავრცელებასაც სათავეში ქართულ და რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები ედგნენ. ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლები არ ერიდებიან გამოიყენონ ნებისმიერი ინფორმაცია და გაავრცელონ სრულად უკონტექსტოდ, ამის ნათელი მაგალითია მითების დეტექტორის მიერ გადამოწმებული დეზინფორმაციები. 

_121536879_976xgettyimages-1352155101_ed

 აღნიშნული დეზინფორმაციები მიზანმიმართული კამპანიაა, რომელიც ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულების გარეშე ემსახურება ერთ მიზანს, ხალხში გააჩინოს უნდობლობა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, ასევე იმ პოლიტიკასთან მიმართებით, რომელსაც ატარებს გაერო და ევროკავშირი კლიმატის კრიზისის აღმოსაფხვრელად. არსებული კონსპირაციის თეორიის გამავრცელებლები ევროკავშირისგან და სხვა განვითარებული ქვეყნებისგან ცდილობენ შექმნან მტრის ხატი, რომელსაც სურს დააზიანოს საქართველო. 

One Earth, one team

5. კლიმატის ცვლილებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ჩინეთია

 სასათბურე გაზების ემისიები კლიმატის ცვლილების მთავარი გამომწვევი ფაქტორია. ხოლო სასათბურე გაზების ემისიის დონით ჩინეთი პირველ ადგილზე და ის წინამორბედებს გაცილებით აღემატება, მაგრამ არასწორი იქნება კლიმატის ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ ამ ერთი სტატისტიკური ფაქტით განვიხილოთ. როგორც წესი ემისიებს ორგვარად განიხილავენ პირველი ეს არის მთლიან ქვეყანაზე და მეორე ემისიების წილი ერთ სულ მოსახლეზე.

ემისიების წილს, თუ მეორე კუთხიდან შევხედავთ, აღმოვაცენთ, რომ ჩინეთი არამცთუ პირველ ადგილზე არამედ ათეულშიც კი არ არის. პირველ ადგილს კატარი იკავებს, ხოლო ასევე მოწინავე ადგილებზე არიან აშშ და რუსეთი. ამავდროულად, საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ინდოეთი ქვეყნების მასშტაბით მესამე ადგილზეა, მაგრამ თუ იგივე სტატისტიკას ერთ სულ მოსახლეზე გადავიტანთ, საქართველოც კი უსწრებს. შესაბამისად, გაუმართლებელია, ეს გლობალური კრიზისი რომელიმე ერთ ქვეყანას დაბრალდეს, მასზე პასუხისმგებლობა კოლექტიურად აკისრიათ სახელმწიფოებს.

total-ghg-emissions (1).png
per-capita-ghg-emissions.png

სწორედ ამას ემსახურება პარიზის 2015 წლის შეთანხმება გლობალური დათბობის შესახებ, რომელსაც ხელი 195 სახელმწიფომ მოაწერა და საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა გლობალური დათბობის შესაჩერებლად. ამ ყველაფერთან არ უნდა გამოგვრჩეს მთავარი, ჩინეთი არის განახლებადი ენერგიის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანა. ამრიგად კლიმატის კრიზისი არ არის ლოკალური პრობლემა, რომელსაც მხოლოდ ერთი სახელმწიფო გაუმკლავდება, მას სჭირდება გლობალურად ფიქრი და ლოკალურად მოქმედება. 

Think globally, act locally

6. კლიმატის კრიზისთან ბრძოლა ეკონომიკას აზიანებს 

  მსოფლიოში გავრცელებულია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კლიმატის კრიზისთან ბრძოლა A priori ეკონომიკის განადგურების ტოლფასია, ამას არაერთი პოლიტიკოსი, ექსპერტი თუ მედია ამტკიცებს. როგორც წესი, უმეტესად ორი ტიპის ქვეყანა გვხდება, ერთი, რომელიც განვითარებულია, აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და ამ ზრდასთან ერთად ზრდის ემისიებს და მეორე ნაკლებად განვითარებული, ღარიბი ქვეყნები, რომელთაც მართალია ემისიების დონე დაბალი აქვთ, მაგრამ ეკონომიკურად არასტაბილურები არიან. Მაგრამ, როგორც არაერთხელ ვახსენე კლიმატის კრიზისი მხოლოდ ერთი მხრიდან აღქმული არ უნდა იყოს. ქვეყნების რაღაც ნაწილი, ახერხებს იმას, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდასთან ერთად შეამციროს ემისიების დონე მათ შორის არიან აშშ, ესპანეთი საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა მრავალი. აქ უკვე ჩნდება მეორე კითხვა არის თუ არა ეს შემცირება საკმარისი ან თუ არ არის შეიძლება თუ არა მოხერხდეს პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების ისე შესრულება, რომ ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუარესდეს.

  პარიზის ხელშეკრულების პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტში ვკითხულობთ, რომ ხელმომწერი მხარეების მიზანია გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვა, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით და ტემპერატურის ზრდის 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვის მცდელობა, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით. მართალია ზემოთ მოყვანილი ქვეყნები ცდილობენ ებრძოლონ ემისიებს ეკონომიკის გაუარესების გარეშე, მაგრამ მათი ბრძოლა საკმარისად სწრაფი და ეფექტური არ არის.

Greenhouse-gas-emission-scenarios-01-1536x1059.png
Screenshot 2023-11-29 212151.png

  შვედეთი და დანია არიან ქვეყნები, რომელებმაც მოახერხეს, რომ ემისიების საკმარისი რაოდენობით შემცირებასთან ერთად, მთლიანი შიდა პროდუქტი გაეზარდათ. სწორედ მსგავსი სახელმწიფოები ამტკიცებენ, რომ კლიმატთან ბრძოლისთვის საჭიროა ნება და ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელია გაღარიბების გარეშე შევაჩეროთ კლიმატის ცვლილება. 

"Climate change is not a future problem - it's here and now"

7. კლიმატის ცვლილება მომავლის პრობლემაა

  საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ კლიმატთან დაკავშირებული პრობლემები დღეს არ იჩენს თავს და თუ მხოლოდ მომავლში გახდება ეს პრობლემა, შესაბამისად მომავლის პრობლემაა. მაგრამ, ფაქტია, რომ დედამიწაზე უფრო გახშირდა და ინტენსიური გახდა ექსტრემალური ამინდი, როგორიცაა ძლიერი შტორმი, წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების მატება, რეკორდულად ცხელი დღეები და გვალვა. შესაბამისად, ჩვენ აღარ ვსაუბრობთ კლიმატის ცვლილების მომავალ ზემოქმედებაზე, ის უკვე მოქმედებს მილიარდობით ადამიანზე განსაკუთრებით, მსოფლიოს უღარიბეს ნაწილზე, მაშინ, როდესაც მათი წვლილი კლიმატის კრიზისში ყველაზე ნაკლებია.

IPCC-ის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ, რომ 3,3-დან 3,6 მილიარდამდე ადამიანი ცხოვრობს ისეთ ადგილებში, რომლებიც დაუცველია კლიმატის ცვლილების ზემოქმედების მიმართ. ასევე ამ ანგარიშის მიხედვით, 2010-დან 2020 წლამდე, 15-ჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის, გვალვისა და ქარიშხლის შედეგად ღარიბ და დაუცველ რეგიონებში (აფრიკა, სამხრეთ აზია, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ნაწილები), ვიდრე მსოფლიოს ყველა სხვა ნაწილში ერთად.  

climate-change-global-warming-earth-character-illustration_3115-62.jpg_w=900.jpg

  გარდა ამისა, მოხსენებაში ვკითხულობთ, რომ კლიმატთან დაკავშირებული ექსტრემალური ამინდის ფაქტორი, ყოველწლიურად ზრდის ეკომიგრანტებს, რომლებიც კარგავენ საცხოვრებელს კლიმატის ცვლილების გამო. ეს მხოლოდ მაგალითების მცირე ჩამონათვალია იმ ყოველდღიური პრობლემებიდან, რომლებსაც ადამიანები აწყდებიან კლიმატის ცვლილების გამო.  

 

  2023 წლის ივლისი იყო მსოფლიოში ყველაზე ცხელი თვე, ხოლო ამავე წლის 3 ივლისი ყველაზე ცხელი დღე.

 

  პრობლემა, რომელიც შეიძლება გახდეს შეუქცევადი და გამოუსწორებელი არ შეიძლება ჩაითვალოს "მომავლის პრობლემად." 2019 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა თქვა: "ჩვენ ვართ ბოლო თაობა, რომელსაც შეუძლია თავიდან აირიდოს გამოუსწორებელი ზიანი ჩვენს პლანეტაზე"

  2100 წლამდე უსაფრთხოების ზომების არ მიღების შემთხვევაში ყინულის მარაგის დნობა წყლის დონის 0.8-2 მეტრამდე მატებას გამოიწვევს, რის შედეგადაც არაერთი სანაპირო ზოლი დაიტბორება, რის გამოც მილიონობით ადამიანს მოუწევს საცხოვრებლის დატოვება, საბოლოო ზარალი კი ტრილიონობით ამერიკულ დოლარს მიაღწევს.  

 

  რაც შეეხება საქართველოს აქ უკვე შეინიშნება მყინვარების სწრაფი დნობა და მეწყერების გააქტიურება. წყალდიდობამ უკვე გამოიწვია ცნობილი ტრაგიკული მოვლენები თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს, როდესაც კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფას 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დედაქალაქში ახლახან გააქტიურებული მეწყერი საფრთხეს უქმნის რამდენიმე დასახლებულ პუნქტს და ათასობით ადამიანს. ტყის ხანძრებმა გამოიწვია ათასობით ჰექტარი ტყის საფარის განადგურება. თბილისში, სადაც CO2-ის კონცენტრაცია განსაკუთრებით მაღალია, მწვავედ დგას ჰაერის დაბინძურების პრობლემა. ასევე შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს გამოწვეულ სტიქიას 32 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2023 წლის 8 სექტემბერს გურიაში მომხდარ კატასტროფას 3 ადამიანი.  

რას ფიქრობენ პოლიტიკური პარტიები ეკოლოგიურ საკითხებზე?

  როგორც მოსახლეობის აზრია ორად გაყოფილი ასევე იყო გაყოფილი პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება 2020 წლის უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების პოლიტიკის დოკუმენტებში. ქვეყანაში არსებული მთავარი პარტიების პროგრამების ის ნაწილი, რომელიც ეკოლოგიასა და კლიმატს ეხება ერთმანეთისგან ძნელად გაირჩევა. გარემოს დაცვა იმ გამონაკლისთაგანშია, სადაც „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური პარტიების უმეტესობა დიდწილად ერთსა და იმავე დაპირებებს გასცემენ, მაგრამ აქაც იკვეთება განსხვავებული აზრი. პარტიების უმრევლესობა წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს ქალაქებში მეტი პარკისა და მწვანე ზონის მოწყობას, ასევე მეტი ხის დარგვას ჰპირდება. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესი პოლიტიკური პარტიები ერთსა და იმავეს დაპირდნენ ამომრჩეველს, მაინც არსებობდა პარტია, რომელსაც ეკოლოგიურ საკითხებთან მიმართებით განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა. „გირჩი“ მიიჩნევდა, რომ უნდა გაუქმებულიყო რეგულაციები და აკრძალვები, რომელიც ვითომ გარემოს იცავს რეალურად კი საწინააღმდეგო შედეგს იძლევა, მათ მიერ შევსებულ კითხვარში ვკითხულობთ „ქვეყნის მთელი ტყე-პარკი ვითომ სახელმწიფო საკუთრებაშია და რეალურად კი უპატრონოა, რომელსაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობის პირთა ნებართვით თუ ლოცვა-კურთხევით ჩეხავს და ანადგურებს ის, ვინც მოცემულ მომენტში არის ხელისუფლებაში“. სავარაუდო, რომ ამ აზრში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტყე-პარკების პრივატიზება იკითხება. 

296d476f6555d904fcb0648b78d36a7b.jpg

და მაინც კლიმატის კრიზისი მითია თუ რელობა?

  კლიმატთან დაკავშირებული საკითხები აქტუალობას არ კარგავს მსოფლიოს მასშტაბით, ამასთან აქტიურად მიმდინარეობს დეზინფორმაციულია კამპანიები. საქართველოში ამ მხრივ კი ცნობიერების დონე ძალიან დაბალია და მოსახლეობის დიდ ნაწილს არ გააჩნია რეალური წარმოდგენა გლობალურ დათბობასთან და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსები, ტელევიზიები, ბლოგები და სხვა არასამეცნიერო ნაშრომები კლიმატთან დაკავშირებულ საკითხებს იდეოლოგიურ ჭრილში განიხილავენ, რა დროსაც ხდება ფაქტების არასრულად ან/და არასწორად წარმოჩენა. ამის გამო, მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია კლიმატის ცვლილების შესახებ სანდო სამეცნიერო წყაროებიდან მივიღოთ. კლიმატზე სანდო კვლევებისთვისა და ანგარიშებისთვის შეგიძლიათ ინფორმაცია მოიძიოთ ამ წყაროებზე: IPCC, UN climate action, National Center for Atmospheric Research, NASA, Our World Data. 

  კლიმატის კრიზისზე, კლიმატის ცვლილებაზე, გლობალურ დათბობაზე და მათ შორის ამ სტატიაზე მუშაობის პროცესში მიმდინარე COP 28-ზე გარკვეული ინფორმაციის ქონა არის მნიშვნელოვანი ყველა ჩვენგანისთვის, რადგან ეს პრობლემა, კლიმატის კრიზისის სახით, არამარტო ჩვენ, არამედ მთელ კაცობრიობას ეხება.

bottom of page